„ვისწავლოთ მეგრული“ – მეგრული ენის თვითმასწავლებელი

გამომცემლობა არტანუჯის მიერ გასული წლის თებერვალში დაანონსებული წიგნი – „ვისწავლოთ მეგრული“ უკვე გამოიცა და გაყიდვაში ჩაეშვა.

წიგნი მეგრული ენის თვითმასწავლებელია, რომლის ავტორი ენათმეცნიერი ნათია ფონიავაა. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანადგომით წიგნს თან ერთვის აუდიომასალებიც, რაც მეგრული ენის შესწავლით დაინტერესებულ პირს დაეხმარება სწორად გამოთქვაში.

გამომცემლობა არტანუჯის დამფუძნებელი, ისტორიკოსი, ბუბა კუდავა თვითმასწავლებელი წიგნების მნიშვნელობაზე საუბრობს:

„ქართველები მდიდარი ხალხი ვართ. ამ სიმდიდრის უპირველესი ნიშანი მრავალფეროვნებაა, ყველგან რომ ვლინდება : ნაირგვარ გეოგრაფიულ გარემოსა თუ კონტრასტულ კლიმატურ ზოლებში, მადისაღმძვრელ კერძებსა თუ მრავალხმიან სიმღერებში, ხალხურ არქიტექტურასა თუ ტრადიციულ მეურნეობაში, ხასიათის თავისებურებებსა თუ ენა-დიალექტებში… ქართველურ ენათა კვლევის საქმეს დიდი ისტორია აქვს და ამისთვის რამდენიმე თაობის არაერთ მეცნიერს ეკუთვნის ქებათა ქება. თუმცა, მეორე მხრივ, თანამედროვე ყოფამ და ცივილიზაციამ, სხვა, ათასობით მცირე ენის მსგავსად, დიდი საფრთხის წინაშე დააყენა მეგრულ-ლაზური და სვანურიც. რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი საუბრობს ამ ენებზე, განსაკუთრებით – ბავშვები და ახალგაზრდები. გამომცემლობა „არტანუჯმა“ გადაწყვიტა, თავისი წვლილი შეიტანოს ქართველური ენების პოპულარიზაციის საქმეში. ვისაც მეგრული ენის შესწავლა სურს, საუკეთესო გამოსავალს ვთავაზობთ. წიგნი, თანდართული ხმოვანი ვერსიით, უდიდეს დახმარებას გაუწევს თითოეულ ასეთ დაინტერესებულ ადამიანს“.

ამ წიგნების სერიის ფარგლებში იგეგმება სხვა ქართველური ენების, როგორიცაა ლაზურისა და სვანურის თვითმასწავლებლების გამოცემაც უახლოეს მომავალში. მანამდე კი შეგიძლიათ შეისწავლოთ მეგრული ენა.

წიგნის „ვისწავლოთ მეგრული“ შეძენა ამ ეტაპზე მხოლოდ შაქრო ბაბუა / Grandpa Shaqro -ში შეგიძლიათ, რამდენიმე დღეში კი ყველა წიგნის მაღაზიაში.