თაღლითური ავეჯი, რომელიც საგნებს შთანთქავს

ჰოლანდიელი დიზაინერის Dewi van de Klomp-ის თაღლითური თაროები, მნახველში უცნაურ, ოპტიკური ილუზიის შთაბეჭდილებას იწვევს. ტრადიცული ავეჯისგან განსხვავებით, მისი ღრუბლისებური მასალა, რომელიც არამდგრადია და ადვილად მოდიფიცირდება, მასზე განთავსებულ წიგნებს, ჭურჭელსა თუ სათვალეებს საკუთარ მატერიაში აფლობს.

პროექტის იდეა, რომელსაც ,,van de Klomp-ის ფაფუკი კაბინეტი” ეწოდა, სახლში არსებული გამოუყენებელი მასალის აღმოჩენით დაიბადა. იმ მასალის, რომელიც ალბათ ადამიანების უმრავლესობას აქვს, თუმცა მათ არსებობას ვერც კი ამჩნევენ.

დიზაინერი შემთხვევით კაშკაშა ვარდისფერ ღრუბელს გადაწყდომია – მასალას, რომელიც ჩვეულებრივ მანქანის სავარძლების ბალიშებისა და კედლის თბოიზოლაციისთვის გამოიყენება – ეს ნივთი დანახვისთანავე შეუყვარდა და მაშინვე ამ მასალის სამომავლო პოტენციალი დაინახა.

,,ღრუბელი შედარებით შეუმჩნეველი მასალაა, რომელსაც ყველა იცნობს, თუმცა ცოტა თუ იყენებს. ,,ფაფუკი კაბინეტი” ამ მასალის ღირებულების ხელახლა აღმოსაჩენად შევქმენი”

აღნიშნავს იდეის ავტორი და დიზაინერი.

ქაფის მაგავარი ავეჯის კოლექცია მოიცავს სხვადასხვა ფორმისა და ზომის თაროების სერიას. ეს ავეჯი თავისი შინაარსის მიხედვით იცვლის ფორმას, ანუ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, დამოკიდებულია იმაზე თუ რომელ საგანს განვათავსებთ მასზე. თაროების ფორმა მის შინაარსთან მოდის შესაბამისობაში. სწორედ ამ მიზეზით აღნიშნული კოლექცია პოეტურ ელფერს იძენს. ჩვეულებრივ საგნებს შინაარსი ეძლევა და კაბინეტი თითქოს უფრო ცოცხალი ხდება.

როგორც დიზაინერი განმარტავს, მისმა გამოგონებამ სხვადასხვანაირი შეფასება დაიმსახურა. იყო ბევრი კრიტიკაც, რადგან ეს ავეჯი არაპრაქტიკულია და ყოველდღიურ გამოყენებაში შესაძლოა ბევრი პრობლემა შექმნას. თუმცა, Van de Klomp-ის თქმით, ამ პროექტზე მუშაობისას პრაქტიკულობას და ფუნქციურობას ნაკლებ მნიშვნელობას აქცევდა.

,,არ არის აუცილებელი ჩემი შემოქმედება ყველას ესმოდეს ან ჩემი ფანი იყოს. მე უბრალოდ დიზაინის წესებთან ფლირტი მომწონს. ეს უბრალოდ ისტორიაა, რომლის შესახებაც მინდა გიამბოთ”

დიზაინერმა ეს ნამუშევრები დღის შუქზე პირველად 2013 წელს გამოიტანა. თუმცა, ამჯერად ერთ-ერთი მწვანე კაბინეტის მოდიფიცირებული ვერსია შემოგვთავაზა. ამასათან, კოლექცია განაახლა, თითოეულ ავეჯს კედელზე სამაგრები დაუმატა, რაც მის გამოყენებას უფრო მოსახერხებელს გახდის. ნამუშევრების პრეზენტაცია სხვადასხვა პრესტიჟულ გამოფენებზე გაიმართა. აგრეთვე, 2019 წელს ეს ავეჯი პირველად განთავსდა იზაბელ მარანტის მამაკაცის ხაზის მაღაზიაში, პარიზში.

არაპრაქტიკულობის მიუხედავად, ვერ უარვყოფთ, რომ ეს ავეჯი შთამბეჭდავად გამოიყურება. აგრეთვე, დასაფასებიელია დიზაინერის გამორჩეული ხედვა, რომელიც მცირე დეტალებშიც კი პოეტურ საწყისებს ეძებს.

წყარო : DaZeen