ძმების ბიზნესი მუხრანის მინდვრებში. ,,შესარგი“ – ქართული სტარტაპი

აგრობიზნესი ყოველთვის აქტუალური და მოთხოვნადია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობა წამყვანი დარგი არ არის, ქუთაისელმა ძმებმა გადაწყვიტეს, სოფელ მუხრანში გაეშენებინათ კენკროვანისა და ხილის ბაღი და მოეხდინათ ქართული წარმოების აგრარული პროდუქტის რეალიზება.

,,შესარგი“ 2020 წელს გამოჩნდა ქართულ ბაზარზე. ის მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ და ჯანსაღ პროდუქტს – შესარგ ჟოლოსა და მაყვალს.

რას მოიცავს ძმების საქმიანობა და როგორ წარმოუდგენიათ მეურნეობის მომავალი – ამ საკითხებზე სტარტაპერი ძმები გვესაუბრნენ.

B: რატომ აირჩიეთ კომპანიის სახელი ,,შესარგი“, რა იყო იდეა?

კომპანიის მისია გვინდოდა ყოფილიყო დაკავშირებული ჯანსაღ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტთან. სახელწოდებაში ამ განზრახვის მოკლედ ფორმულირება რთულად გვეჩვენებოდა. ,,სმა-ჭამა დიდად შესარგი“ – ამ მონაკვეთმა შთაგვაგონა.

B: ფინანსური მხარდაჭერა თუ აქვს კომპანიას?

ფინანსური მხარდაჭერა სრულად შემოიფარგლება გზავნილებით ჩვენი ემიგრანტი ბიზნესპარტნიორის მიერ. თუმცა, საწყის ეტაპზე, მივიღეთ შეღავათიანი აგრო სესხი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ასევე პროექტ ,,დანერგე მომავალის“ ფარგლებში დაგვიფინანსდა ნერგების შესაძენი თანხის ნაწილი.

B: რამდენად რთული იყო თავის დამკვიდრება არსებულ ბაზარზე?

თავის დამკვიდრების პროცესში ახლაც ვართ, მაგრამ მთავარი იყო, შეგვექმნა მაქსიმალურად კომფორტული პროდუქტი სამაღაზიო ქსელებისთვის, რომელიც გაამარტივებდა ყიდვა-გაყიდვის პროცესს. ეს შევძელით. რაც შეეხება თვითდამკვიდრების მთავარ განმაპირობებელ ფაქტორს, ეს იყო პროდუქტის ხარისხი.

B: რას გვეტყვით სამომავლო გეგმებზე?

ვგეგმავთ, გავაფართოოთ ასორტიმენტი და ჟოლოსა და მაყვლის გარდა ქსელებში შევიტანოთ სხვა პროდუქციაც; ავაშენოთ გადასამუშავებელი საწარმო და ამ ასორტიმენტის ნაწილი ნედლეულისაგან ვაწარმოოთ სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტი. ვგეგმავთ ბრენდის, ხილის ალკოჰოლური დისტილატების საწარმოს შექმნასაც. გრძელვადიან პერსპექტივაში განვიხილავთ ექსპორტის იდეასაც – ჩვენი ბიზნესპარტნიორისა და თანადამფუძნებლის შვილი, რომელიც ცხოვრობს ბრიტანეთში, ცდილობს უზრუნველყოს ექსპორტის არხები ინგლისსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.

https://www.facebook.com/Shesargi