“მეგობრები” – შექმნეს მეგობრებმა მეგობრებისთვის

სამოთხე ლუდის მოყვარულთათვის

საქართველოში „შავი ლომის“ გამოჩენით დაიწყო კრაფტ ლუდების აღმოცენება, რომელმაც პანდემიის დაწყებამდე ბუმს მიაღწია – შავი ლომი, 9 მთა, ნომერ 8, ლოსთ რიჯი, ანდერგრაუნდი და მეგობრები. თბილისელი კრაფტ მოყვარულისთვის ეს უკვე ცნობილი ჩამონათვალია.

გაინტერესებთ რას ნიშნავს კრაფტ ლუდი და რითი განსხვავდება ის ჩვეულებრივისაგან ?

დავიწყოთ იმით, რომ ოდესღაც ყველა ლუდი კრაფტი იყო ან უფრო მარტივად რომ ვთქვათ მცირე მეწარმეობის, სახლური.

ლუდი, როგორც სასმელი დაახლოებით 4000 ათასი წლის წინ წარმოიშვა და დღემდე არ კარგავს საკუთარ პოპულარობას. თავდაპირველად ამ სასმისს ოჯახებში ამზადებდენ შინაურებისთვის, მაგრამ მე-16 საუკუნის ევროპაში ლუდის დამზადების უფლება მონასტრებმა მოიპოვეს, რის შედეგადაც ერთგვარი მონოპოლია ჩამოყალიბდა. დროთა განმავლობაში მცირე ლუდსახარშებმა გაერთიანება დაიწყეს და ასე გაჩნდა მსოფლიო ბაზარზე ჩვენთვის უკვე ცნობილი ბრენდები.

თუმცა მსგავს გაერთიანებას ერთი მინუსი ჰქონდა – ლუდი სტანდარტული გახდა და გაქრა გარკვეული განსხვავებულობა.

ამიტომ, ჭეშმარიტმა ლუდის მოყვარულებმა დაიწყეს მცირე ლუდსახარშების გახნსა. მთავარი მიზანი კი გემოების მრავალფეროვნება და ექსპერიმენტები იყო.

ჩვენ გავესაუბრეთ ლუდსახარში „მეგობრების“ ერთ-რთ დამფუძნებელს იაროსლავ ნიგაის. მან ისაუბრა ლუდსახარშის ისტორიაზე და იმაზე თუ რამდენად რთულია საქართველოში კრაფტ კულტურის ჩამოყალიბება.

მოყევით თქვენს ლუდსახარშზე და მის წარმოშობის ისტორიაზე

ისე გამოვიდა, რომ ჩვენი ლუდსახარში ჩამოაყალიბა ინტერნაციონალურმა სამეგობრო წრემ – საქართველო, სინგაპური, აშშ, შვედეთი, უკრაინა და მოლდოვეთი. აი ასეთი ინტერნაციონალურობა გამოვიდა.

ერთ-ერთი ინვესტორი და მეგობარი წარმოშობით სინგაპურიდან არის, რის გამოც თავდაპირველად იქ ვგეგმავდით ბიზნესის დაწყებას. მაგრამ ბაზრის კვლევის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ შემსვლელი ინვესტიციების თვალსაზრისით ძვირია. შემდგომ სხვა ვარიანტების განხილვა დავიწყეთ – ვიეტნამი, ევროპის ზოგი სახელმწიფო, სნგ-ს ქვეყნებიც, მაგრამ ყველაფერი მეტისმეტად ჩახლართული და ბიუროკრატიული გამოდგა.

ალბათ, ეს დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა ჩვენი ქართველი მეგობრის შემოთავაზება განგვეხილა საქართველო, კერძოდ თბილისი.

ასე მთელი სამეგობრო ჩამოვედით საქართველოში ბაზრის საკვლევად. საბოლოოდ მოგვეწონა – ცხოვრების ნელი რიტმი, ადამიანების დამოკიდებულება, გახსილობა, მცირე ბიზნესისთვის არსებული პირობები, რბილი კლიმატი და ბუნებაც არაჩვეულებრივია. თუმცა მთავარი ფაქტორი გახდა ღვინის ქვევრში დამზადების ტრადიცია. აგრეთვე ყველას გვიყვარს ლუდის მჟავე სახეობები, ხოლო საქართველოში არსებული ხილისა და კენკრის სახეობები ამ მხრივ საკმაოდ მრავალფეროვანია, ეს გახდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზეზიც.

როდის დაარსდა ლუდსახარში, რამდენი სახეობის ლუდი გქონდათ და ახლა რა სიტუაციაა ამ მხრივ ?

2017 წლის შემოდგომაზე დავიწყეთ ლუდსახარშის აშენება და ერთი წლის შემდეგ დავასრულეთ. შემდეგ მექანიზმების აწყობის და ტესტირების დრო დადგა. 2019 წელს დავიწყეთ ლუდის წარმოება და წარმოვადგინეთ ჩვენი პირველი სახეობები : Light Lager, Hefeweizen, Golden Ale, APA, IPA და Milk Stout – დღემდე ჩვენს ძირითად ხაზზს წარმოადგენენ.

ახლა დაახლოებით 40-მდე სახეობას ვაწარმოებთ, ზოგი დროებითია, ზოგი კი ძირითად ხაზს განეკუთვნება. ყველა სიახლე ჩვენს „Tsota Tsota“ პაბში წარმოდგენილი, რომელიც ახლა მიტანის ან „Take a way“-ის სერვისზე მუშაობს. აგრეთვე საბაზისო ხაზი “ალკორიუმის” ქსელში ყოველთვის მოიპოვება.

რამდენად რთულია კრაფტ ლუდის გავრცელება საქართველოში ?

როცა ლუდსახარშის აშენება დავიწყეთ, ძალიან ცოტა აწარმოებდა კრაფტს საქართველოში. საქართველო ამ მხრივ საკმაოდ კონსერვატიულია, ალბათ, ამიტომ შეინარჩუნა თვითმყოფადობა და ტრადიციული გემოები. ნებისმიერი სიახლე მიღების რთულ გზას გადის.

ამიტომ წარმოდეგნაც კი არ გვსურს რა გზის გავლა მოუწია პირველ კრაფტ ლუდსახარშს „შავ ლომს“. ლუდსახარშის მშენებლობიდან სამი წლის თავზე შეგვიძლია იმის თქმა, რომ 2019 წელი გარდამტეხი იყო ქართული კრაფტ ლუდისთვის. ბაზარი ჯერ კიდევ მცირეა, მაგრამ უკვე იწყებს განვითარებას და მყარი პოზიციის დაკავებას.

ამ მომენტისთვის ჩვენი პროდუქციის დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის, მაგრამ ამ კულტურის განვითარების პარალელურად გვსურს გავზარდოთ ლოკალურ ბაზარზეც. ჩვენ გვჯერა ლოკალური ბაზრის განვითარების.

რა გავლენას ახდენს თქვენზე პანდემია ?

ვერ ვიტყვი რომ დიდად განსხვავდებით ამ მხრივ სხვა მეწარმეებისაგან. ბაზრის დაცემა ყველა მიმართულებამ განიცადა და რთული იქნება მისი აღდგენა. ნელ-ნელა ვეგუებით არსებულ რეალობას და მის ფარგლებში ვცდილობთ განვითარებას. პანდემიის დასაწყისში საკუთარი ბარის მშენებლობა დავიწყეთ , რის გამოც ისე გვიყურებდნენ, თიოთქოს გიჟები ვიყავით.

თუმცა  კრიზისი ადრე თუ გვიან დასრულდება, ცხოვრება კი გრძელდება.

სამომავლო გეგმები რა გაქვთ ?

როგორც უკვე ვახსენე სამეგობროს ძალიან გვიყვარს ლუდის მჟავე სახეობები და ეს გახდა მთავარი მიზეზი საქართველოში დაფუძნების. თუმცა აქამდე არ გვეცალა ამ სახეობებისთვის, რადგან ჯერ სტანდარტული ხაზი უნდა წარმოგვედინა მომხმარებლებისთვის.

ახლა კი როგორც იქნა შეგვიძლია ექსპერიმენტებს მივყოთ ხელი. პირველი შედეგების სახით უკვე გვაქვს ჩვენი ელები – Chinuri და Tavkveri – ღვინისა და ლუდის ჰიბრიდი.

აგრეთვე საკუთარი ბარის განვითარება გვსურს – მეტად მყუდრო და საინტერესო უნდა გახდეს.