ირაკლი ღარიბაშვილის კატეგორიული უარი ოპოზიციას

ხელისუფლება ვადამდელი არჩევნების შესახებ ოპოზიციასთან დიალოგს არ აპირებს და ეს საკითხი დახურულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ისაუბრა.

“ხელისუფლება არ დაელაპარაკება რადიკალურ ადამიანებს, პოლიტიკოსებს, რომლებსაც მხოლოდ საკუთარი ეგოისტური დღის წესრიგი აქვთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კრიზისი ხელოვნურადაა შექმნილი ოპოზიციის მიერ და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლა იქნება.


“მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, ცხარე დებატებისთვის, დიალოგისთვის და ყველაფრისთვის, რაც ჯდება თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნებისთვის მიღებულ პრაქტიკაში. მაგრამ ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს! ეს საკითხი არის დახურული! ეს საკითხი არ განიხილება! მათ არ სურთ არც რიგგარეშე არჩევნები, არც სამართლიანი არჩევნები, არც დემოკრატიული არჩევნები, მათ სურთ ხელისუფლების ძალადობრივი რეჟიმით შეცვლა, სწორედ ამიტომ არიან ისინი გასული კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. სწორედ ამიტომ ჩემი ამოცანა იქნება რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში აღვადგინო კონსტიტუციური წესრიგი, რომ არავინ არ იდგეს ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა! კანონი უნდა აღსრულდეს!“, – განმარტა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ გამოსვლას უკვე გამოეხმაურნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის გიგი უგულავაც.

„ახალი პრემიერ-მინისტრის გამოსვლიდან ჩვენ არ გვინახავს ვაქცინაციის გეგმა, ჩვენ არ გვინახავს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმა, მაგრამ ვნახეთ, როგორ აპირებენ ისინი მოაშთონ დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები და გააქრონ ოპოზიცია.” – განაცხადა უგულავამ

წყარო : IPN.GE