IDFI-ს ახალი კვლევა ხელოვნური ინტელექტის შესახებ

კვლევა ,,ხელოვნური ინტელექტი: არსი, საერთაშორისო სტანდარტები, ეთიკური ნორმები და რეკომენდაციები” შემუშავდა  „გამჭვირვალობისა და ეთიკური სტანდარტების ხელშეწყობა ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებაში“  პროექტის ფარგლებში, რომელსაც, არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრის (ICNL) მხარდაჭერით, ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).

აღნიშნული ინიციატივის მიზანია, საჯარო უწყებების მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას მეტი გამჭვირვალობის, ეთიკური სტანდარტების შემუშავებისა და დანერგვის ხელშეწყობა.

დღეს უკვე არსებობენ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, რომლებიც სრულიად შეცვლიან ჩვენს ცხოვრებას! რომელია ეს  ტექნოლოგია? მსოფლიოში ამგვარად აღიარებულია რვა ტექნოლოგიური გადაწყვეტილება, მათ შორის პირველ ადგილს იკავებს ხელოვნური ინტელექტი (შემდგომში – “AI”).  

კვლევის მთავარი დასკვნები შემდეგნაირად გამოიყურება:

ციფრული ტრანსფორმაცია არ არის არჩევანი, არამედ ეს არის გარდაუვალი გზა  თანამედროვე განვითარებული ქვეყნების წინსვლისა და წარმატებისთვის.

თანამედროვე ტექნოლოგიები, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტი ვერ გახდება დადებითი გავლენის მომხდენი და საზოგადოებრივი კეთილდღეობის წინაპირობა, თუკი სახელმწიფო მაღალეთიკური პრინციპებით, კონფლიქტურ ინტერესთა ბალანსის დაცვით, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, საუკეთესო პრაქტიკისა და საერთაშორისო მარეგულირებელი სტანდარტების  გათვალისწინებით, გამჭვირვალე პროცედურებითა და ტრანსპარენტული მართვის სისტემით არ უზრუნველყოფს ციფრული ტრანსფორმაციის რეფორმების განხორციელებას.

ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილ სერვისებს არაერთი სიკეთის მოტანა შეუძლით კაცობრიობისთვის, საქართველოს საჯარო თუ კერძო სექტორში ამ ტექნოლოგიის ფართომასშტაბიანი გამოყენებით ეფექტიანობის, ეფექტურობის, რესურსების დაზოგვისა და მაღალწარმადობის დადასტურებულ მაჩვენებელს მივიღებთ. ამისთვის კი ტექნოლოგიურ მზაობასთან ერთად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხელშემწყობი ჩარჩოების ჩამოყალიბება და საზოგადოებისგან ნდობის მოპოვება, რაც მხოლოდ ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პროცესებით გახდება მიღწევადი.

საქართველოს საჯარო სექტორმა აქტიურად უნდა იზრუნოს თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სტიმულირებისთვის როგორც თავად საჯარო უწყებებში, ასევე ფართომასშტაბიანად  – მთელ ქვეყანაში. საქართველომ დროულად და ეფექტურად უნდა გამოიყენოს ყველა ის სარგებელი, რაც ხელოვნური ინტელექტის დანერგვას ახლავს, რათა საგრძნობლად არ ჩამორჩეს ხელოვნური ინტელექტით ინსპირირებულ ეკონომიკურ-სოციალურ ტრანსფორმაციას და არ დაკარგოს ამ პროცესით უზრუნველყოფილი სარგებელი.

წყარო: IDFI.ge