“გლოვო” და “თიბისი” სტარტაპების მხადასაჭერად გაერთიანდნენ

“გლოვოსა” და “თიბისის” ერთობლივი ინიციატივით, მალე, ქართული სტარტაპების პროდუქცია გლოვოს აპლიკაციაში იქნება ხელმისაწვდომი.

15 დეკემბრიდან აპლიკაციას ახალი, სტარტაპების კატეგორია დაემატება და მომხმარებელი მცირე მეწარმეების პროდუქციის შეძენას მარტივად, უფასო მიწოდების სერვისით შეძლებს.

გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ბიზნესის მხარდასაჭერად, თიბისის პროგრამა „სტარტაპერი“ სტარტაპერებისთვის როგორც საოპერაციო ხარჯების დაფარვას, ისე მათ მარკეტინგულ მხარდაჭერასა და გაყიდვების სტიმულირებას უზრუნველყოფს. დამწყები ბიზნესების წარმომადგენლები “გლოვოს” აპლიკაციაში საკუთარი პროდუქციის განთავსებას უფასოდ შეძლებენ.

“გლოვოსა” და “თიბისის” ინიციატივის მიზანი ერთი მხრივ, არსებული გამოწვევის ფონზე, სტარტაპების მხარდაჭერა, მეორე მხრივ კი მომხმარებლის ცხოვრების გამარტივება და მათთვის კომფორტული სერვისის შეთავაზებაა.

“გლოვოს” აპლიკაციაში სტარტაპ პროდუქტების განსათავსებლად რეგისტრაცია უკვე დაიწყო. ამისთვის დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებმა ონლაინ აპლიკაცია უნდა შეავსონ.

შეთავაზებით სარგებლობა სტარტაპერებს ერთი თვის განმავლობაში, 15 იანვრამდე შეეძლებათ. ინფორმაცია კომპანია ,,გლოვოს’’ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დასტურდება.