გერმანიაში ლეგალური დასაქმების მიზნით ერთ დღეში 40 000-მდე საქართველოს მოქალაქე დარეგისტრირდა

„დროებითი დასაქმების მსურველი შრომითი მიგრანტის სარეგისტრაციო პორტალზე“ დარეგისტრირდა 53 274 პირი, მათგან სააპლიკაციო ფორმა – „დროებითი დასაქმება გერმანიაში“ 40 000-მდე აპლიკანტმა შეავსო.

1-ლი აპრილიდან გერმანიაში სეზონური სამუშაოები იწყება. საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დროებითი დასაქმება 3 თვის ვადით შეეძლებათ. დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.

დროებითი დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

• უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
• ასაკი – 18 წლიდან 60 წლამდე;
• გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის ზონაში;
• ფიზიკური ჯანმრთელობა;
• მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;
• ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;
• გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს გერმანელი დამსაქმებელი.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა, ნინო ველთაურმა განაცხადა, იმის გამო, რომ საიტი გადატვირთულია, ის დროებით გამორთულია.

„მინდა აღვნიშნო, რომ გადატვირთვის გამო ამ ეტაპისთვის საიტი გამორთულია. გუშინდელი მონაცემებით, დაახლოებით 40 000 ადამიანი არის დარეგისტრირებული ვებ-გვერდზე“.

გერმანიაში სეზონურად დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების სამუშაო გრაფიკი კვირაში 40-48 საათი იქნება. საათში კი 9,5 ევროს გადაიხდის დამსაქმებელი.

დასაქმების მსურველს რეგისტრაციის გავლა შემდეგ პორტალზე შეუძლია:  https://workabroad.moh.gov.ge/ 

გერამანიაში ლეგალურად დასაქმებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს Facebook გვერდს ან დაუკავშირდით ცხელ ხაზზე – 1505.

წყარო: Business Media