Florita Flowers Shop – თქვენი ყვავილების მაღაზია

ყველა ბედნიერ დღეს სჭირდება ლამაზი, ნატიფი და დახვეწილი თაიგული, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვან მოვლენებს კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის. არ აქვს მნიშვნელობა დაბადების დღეს აღვნიშნავთ, ქორწილს თუ უბრალოდ საყვარელი ადამიანის გახარება გვსურს – ყვავილები არასდროსაა ზედმეტი.

,,ფლორიტა” ის ყვავილების მაღაზიაა, რომელიც თქვენს სურვილებს მაქსიმალურად ითვალისწინებს, დიდი მონდომებითა და სიყვარულით ქმნის თითოეულ შეკვრას და განსხვავებული გაფორმებით გამახსოვრებთ თავს. მეტი დეტალისთვის, მის დამფუძნებელს, ნინო ბეგიაშვილს ვესაუბრეთ.

როდის შეიქმნა ,,ფლორიტა”?

ყვავილების მაღაზია ,,ფლორიტა” სტარტაპია, რომელიც პატარა გოგოს ახდენილი ოცნებაა. მაშინ, როდესაც სტუდენტი ვიყავი გადავწყვიტე,  გადამედგა პირველი ნაბიჯები მთავარი მიზანისკენ, ამიტომ 2018 წელს გავხსენით ყვავილების მაღაზია და პირველი თაიგულიც დავამზადეთ, რაც მთავარია დღეს უკვე აქტიურად ვმოღვაწეობთ ბაზარზე და გვყავს ერთგული მომხმარებლები.

როგორ გაჩნდა კომპანიის იდეა?

ჩვენი ბრენდი გაიგივებული გვყავდა ადამიანთან, ვფიქრობდით მის ხასიათზე, თვისებებზე, როგორი გვინდოდა რომ ყოფილიყო. ყოველთვის ახალგაზრდა, ხალისიან და ენერგიულ გოგონად წარმოგვედგინა, სამყაროს ესთეტიკას რომ გრძობს და ცდილობს სხვებსაც დაანახოს მისი მშვენიერება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენს სტარტაპს ჰქვია ფლორიტა. ფლორიტა ახლოს არის სიტყვა ფლორისტთან, თან შედარებით თბილად ჟღერს, ისე როგორ პიროვნებადაც  გვყავს წარმოდგენილი ჩვენი გოგო.

მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ

,,ფლორიტას” თაიგულებს აქვს მისთვის დამახასიათებელი სტილი. ყოველი თაიგული იქმნება მომხმარებლის ინდივიდუალური მოთხოვნიდან გამომდინარე. ყველა თაიგულის უკან პატარა ისტორია იმალება. ადამიანების ბედნიერი მომენტების თანამონაწილეები ვართ და ამაზე დიდ მოტივაცია არაფერია. ყველაზე ძვირფასი არის ნდობა, რომელსაც ჩვენი მომხმარებელი გამოხატავს ჩვენ მიმართ. არ არის მარტივი შენთვის მნიშვნელოვანი დღე მიანდო სხვას, ამიტომ თითოეული თაიგულის დამზადება უდიდესი პასუხისმგებლობაა.

რას სთავაზობთ მომხმარებელს?

ჩვენი პროდუქცია ძალიან მრავალფეროვანია. სეზონიდან გამომდინარე იცვლება ასორტიმენტიც, ამიტომ  შექმნილი თაიგულები ყოველთვის სხვადასხვანაირია. გვაქვს ყუთის, კონუსისა და შეფუთული ტიპის კომპოზიციები. საქართველოში ვარდი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ყვავილია, ამიტომ მისგან შექმნილი თაიგულები ძალიან ჭარბობს ჩვენს კატალოგში. ყოველთვის ვცდილობთ შეფუთვების სტილი იყოს განსხვავებული და ინდივიდუალური.

რამდანად რთული იყო პატარა სტარტაპისთვის ბაზარზე თავის დამკვიდრება?

თავიდან ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ. გარშემო უამრავი გამოცდილი კონკურენტია, ბაზარი საოცრად გაჯერებულია და პროდუქტი ფუფუნების საგანია, ამიტომ თავის დამკვიდრება მარტივი არ აღმოჩნდა. თავიდანვე ვცდილობდით ჩვენი სტილის ჩამოყალიბებას, ახლის შექმნას, რადგან თუ  ინოვაციური პროდუქტის შემქმნელი არ ხარ, ბევრად მეტი ძალისხმევის დახარჯვა გიწევს, რომ შენი სახელი მომხმარებლის გონებაში დარჩეს.

ყოველთვის  ორიენტირებულები ვიყავით სოციალური არხების, უფრო მეტად კი Facebook-ის განვითარებაზე, რადგან ჩვენთვის მთავარი გაყიდვების არხი, არის სწორედ facebook. დღეს, მრავალი ადამიანი გვენდობა და კიდევ უფრო მეტი ინტერესდება ჩვენი ულამაზესი თაიგულებით.

,,ფლორიტას” გვერდი: https://www.facebook.com/floritaFlowersshop