“ფენშუ” – 100%-ით ნატურალური ტკბილეული

უკანასკნელი წლების განმავლობაში პოპულარობა მოიპოვა ორგანულმა საკვებმა და დაიკავა მყარი ადგილი მსოფლიო ბაზარზე. ასეთი საკვები მზადდება ნატურალური პროდუქტისგან, არ შეიცავს შაქარს და არის ვეგანური. დღეს მინდა მოგიყვეთ ქართულ სტარტაპზე, რომელიც ტრადიციული ქართული ტკბილეულის თანამედროვე და ლამაზ ანალოგებს აწარმოებს.  

ფენშუ, არის ფელამუშის მწარმოებელი კომპანია. ის ცოტახნის წინ დაარსდა და ახლა ცდილობს, მოიპოვოს ადგილი ქართულ ბაზარზე. „გამოყენებულია სეზონური ხილი და ბოსტნეული და რაც მთავარია, 100%-ით ნატურალურია, არ შეიცავს შაქარსა და რაიმე სახის დანამატებს“ – გვიყვება გვანცა, ფენშუს დამფუძნებელი. აღსანიშნავია, რომ პროდუქტი მზადდება : თეთრი და შავი ყურძნის ბადაგისგან, სტაფილოს, ბროწეულის და სხვა სეზონური ხილის წვენისგან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უმაღლესი ხარისხის პროდუქტისგან.

„რაც მთავარია, ჩვენ სეზონური ხილი ავიღეთ და ვცადეთ ახალი გემოები შეგვექმნა. განსაკუთრებით, არომატული და საინტერესო გამოვიდა ფეახოას, ბროწეულისა და სტაფილოს დესერტები“ აღნიშნავს გვანცა. ქართულ ბაზარზე მსგავსი პროდუქტი არ არსებობს, ვინაიდან ის არა მარტო საკუთარი გემოებით, არამედ ფორმითაც განსხვავდება. სახაელიც შესაბამისი უნდა ყოფილიყო, ასე გაჩნდა „ფენშუ“, რომელიც შემოკლებით ფელამუშისგან მოდის, მაგრამ მის თანამედროვე ვარიანტს წარმოადგენს – „ჩემთვის საყვარელმა ადამიანმა მომცა სახელის ინსპირაცია და მადლობა მას ამისთვის“ – ამატებს გვანცა.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას გვატყობინებს, რომ სურს კორპორატიული შეთავაზებები გაუკეთეს კომპანიებს – „რამდენიმე კომპანიასთან უკვე გვაქვს აქტიური მოლაპარაკება და დიდი იმედი გვაქვს წარმატებით დასრულდება პროცესი.„

ქართულ კულტურაში ფელამუშს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. წარმოუდგენელია ახალი წელი, თბილისობა ან რაიმე დღესასწაული ფელამუშის გარეშე. „ფენშუ“ – როგორც ფელამუშის თანამედროვე სახე – კიდევ უფრო გაალამაზებს ნებისმიერ სუფრას. დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროდუქტი მოიპოვებს პოპულარობას და დაიპყრობს მომხმარებელთა გულებს.