“Digihills” – დაიპყარით ციფრული მწვერვალები

პანდემიისგან გამოწვეულმა დიდმა შესვენებამ ბევრ რამეზე დააფიქრა საზოგადოება, ბევრი ახალი მოთხოვნილება და შესაბამისად ბევრი ახალი იდეაც გაჩნდა. ამ მრავალი იდეიდან ყველამ არა, მაგრამ ზოგიერთმა ნამდვილად გაამართლა და ახალ რეალობაზე მორგებაში დღემდე თამაშობს თავის როლს. ასეთ წამოწყებათაგან ერთ-ერთია “Digihills”-ი, ციფრული საგანმანათლებლო პლათფორმა.

იდეა კარანტინში, სახლში ჯდომის და სახლიდანვე მუშაობის დიად ხანაში გაუჩნდა სამეგობროს და გადაწყვიტეს მარკეტინგში წლების მანძილზე მიღებული გამოცდილება და ცოდნა სხვებისთვის გაეზიარებინათ.

კომპანიის  მთავარი დადებითი მახასიათებელი მისი მომსახურების ხელმისაწვდომობაა. როგორც სასწავლო პლათფორმა, ისე მარკეტინგული მიმართულება, რომლის ფარგლებშიც ციფრულ მომსახურებას უწევენ სხვადასხვა ბრენდებს, ქართულ რეალობაზე მორგებული ღირებულებითაა წარმოდგენილი. გუნდის მთავარი მიზანიც ხომ სწორედ ესაა, შექმნან მაღალი ხარისხის მქონე პროდუქტი ადეკვატურ ფასად. მათი სახელიც წარმატებისა და სიმაღლეების დაპყრობიდან მოდის, climb digital hills, ანუ დაიპყარი ციფრული მწვერვალები კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მესიჯია.

რას სთავაზობთ მომხმარებელს, რა არის თქვენს პროდუქტში განსაკუთრებული?

“ჩვენ ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ მიიღონ სრულყოფილი მარკეტინგული განათლება ჯერ-ჯეჯრობით ონლაინ კოვიდ რეგულაციების გამო, შეძლონ და განვითარდნენ/განავითარონ საკუთარი ბიზნესი, ხელმისაწვდომი და შეიძლება ითქვას ძალიან მცირე თანხის სანაცვლოდ.

ასევე ვეხმარებით სხვადასხვა ბიზნესებს დაიმკვიდრონ თავი სოციალურ პლატფორმებზე და ჩვენი განსაკუთრებულობაც სწორედ აქ მჟღავნდება. ჩვენთან კომუნიკაცია ძალიან მარტივია, თუ სხვა კომპანიებთან თანამშრომლობას მოყვება კონკრეტული პირობები მაგალითად, ლოგოს დაკვეთისას სხვები მუშაობენ 3 ძირითად ვერსიაზე და მომხმარებელს უწევს ამ სამი ვერსიიდან ამოარჩიოს ერთ-ერთი, ჩვენთან კი ეს პროცესი მეტად სასიამოვნოა, რადგან უამრავი ვერსიიდან დამკვეთის გემოვნების მიხედვით ვამუშავებთ სამს და შემდეგ იქიდან ხდება საბოლოო ვარიანტის არჩევა.” ამბობს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სალომე ლაფაჩი, ბიზნეს მედიასთან ინტერვიუში.

სამომავლოდ კომპანია განვითარებას გეგმავს, მათი მიზანი პირველ რიგში ქართულ ბაზარზე მეტი პროფესიონალის არსებობის ხელშეწყობაა. ამას გარდა, კომპანია არსებულ კურსებს სულ მალე დაამატებს დიზაინის, გრაფიკული დიზაინის, ფოტოგრაფიის და სხვა ციფრული სფეროების კურსებს.