“დესიელო“ – ორიგინალური ხელნაკეთი თმის აქსესუარები ქართული სტარტაპისგან

“დესიელო“ ესპანურად „ცას“ ნიშნავს. სწორედ ამ სახელით გამოჩნდა ბაზარზე ახალი ქართული სტარტაპი, რომელიც მომხმარებელს ულამაზეს ხელნაკეთ თმის აქსესუარებს სთავაზობს.

“დესიელოს” დამზადებული ნივთებიდან თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც სადღესასწაულო, ასევე ყოველდღიური მოხმარებისთვის განკუთვნილი თმის აქსესუარი, თანაც ხელმისაწვდომ ფასად.

კომპანიის დამაარსებელი აღნიშნავს, რომ ქართული საზოგადოებისგან მხარდაჭერისა და დადებითი გამოხმაურების მოლოდინი აქვს.

ვცდილობ, მომხმარებელზე ორიენტირებული ვიყო ,შევქმნა მისთვის ხარისხიანი, განსხვავებული და ხელმისაწვდომი პროდუქცია

სამომავლო გეგმების შესახებ სასაუბროდ სწორედ დამაარსებელს მივმართეთ:

როდის და როგორ შეიქმნა თქვენი კომპანია?

პროფესიის მიუხედავად, ყოველთვის ვიყავი ხელოვნებასთან ახლოს. ვხატავდი, ვქმნიდი სხვადასხვა ხელნაკეთ აქსესუარს. ის, რასაც ახლა ვაკეთებ, სრულიად განსხვავებული თემატიკისაა და სიმართლე გითხრათ, სრულიად მოულოდნელად გაჩნდა ამის იდეაც და წამოწყებაც. ჩვენი კომპანია სტარტაპერია და  მხოლოდ რამდენიმე თვეა რაც გამოჩნდა ქართულ ბაზარზე.

კომპანიის სახელი და იდეა საიდან წამოვიდა?

სახელზე ბევრს ვფიქრობდი. მინდოდა, ყოფილიყო მარტივი , ადვილად დასამახსოვრებელი და განსხვავებული, როგორც ჩემი აქსესუარები. ვთვლი, კარგი გადაწყვეტილება მივიღე, რომ ავირჩიე “დესიელო“, რაც ესპანურად ნიშნავს „ცას“.

რას აკეთებს თქვენი კომპანია? მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ.

ჩვენი სტარტაპი მუშაობს ორიგინალურ, განსხვავებულ თმის აქსესუარებზე, როგორც სადღესასწაულო, ისე ყოველდღიური გამოყენებისთვის, ქალბატონებისთვისა და ბავშვებისთვის. აქსესუარები იქმნება ჩვენი ფანტაზიითა და გემოვნებით, თუმცა არიან მომხმარებელები, რომლებსაც ესა თუ ის აქსესუარი უნდათ და ვამზადებთ შეკვეთით.

რას სთავაზობთ მომხმარებელს? მოგვიყევით პროდუქციაზე.

ამ ეტაპზე მომხმარებელს ვთავაზობთ განსხვავებულ თმის აქსესუარებს, რომელიც გამორჩეულს გახდის როგორც მათ სადღესასწაულო საღამოს, ასევე გაულამაზებს ყოველდღიურობას.

რამდენად რთული იყო თავის დამკვიდრება არსებულ ბაზარზე?

მხოლოდ რამდენიმე თვეა რაც გამოვჩნდით ქართულ ბაზარზე. ჯერ-ჯერობით ამ პროცესში ვართ. ბევრმა არც იცის ჩვენს შესახებ და ვიმედოვნებთ, რომ მალე ბევრი გაიგებს და მოწონებასაც დავიმსახურებთ.

პანდემიას როგორ გაუმკლავდით?

ჩემს შემთხვევაში პანდემიამ დადებითად იმოქმედა იმ კუთხით, რომ მეტი თავისუფალი დრო გამომიჩნდა და ზუსტად ამიტომაც გადავწყვიტე საბოლოოდ კომპანიის შექმნა. პანდემია რომ არა,შეიძლება, დღეს მე ეს საქმე არ მეკეთებინა.

მოგვიყევით სამომავლო გეგმებზე

ახლო მომავალში, ბუნებრივია, გავაგრძელებთ განსხვავებული თმის აქსესუარების შექმნას, როგორც ქალბატონებისთვის, ისე ბავშვებისთვის, თუმცა  ვფიქრობთ, დავამატოთ ხელნაკეთი აქსესუარები მამაკაცებისთვისაც.