“Capra Hotel” – ყაზბეგის მთებში ჩაძირული მყუდროება

ყაზბეგის მთების ზღაპრულობაში ჯერ არავის გაუბედავს ეჭვის შეტანა. ამ კუთხის მომნუსხველი პეიზაჟები მნახველს მაშინვე აყვარებს თავს. ყაზბეგის გარემო იმდენად მშვენიერია, რომ აქ გასაჩერებლად, ალბათ, ბევრია მზად, თუნდაც ყველაზე ნაკლებად კომფორტულ ქოხმახში დაბინავდეს და სამაგიეროდ ყაზბეგის სილამაზით დატკბეს.

რას იტყვით ქოხმახის ნაცვლად სასტუმრო რომ შემოგთავაზოთ? და დისკომფორტი რომ სრული კომფორტით ჩავანაცვლოთ?

ამ ზღაპრულ ადგილას მდებარე, არანაკლებ ზღაპრული, სასტუმრო “Capra Hotel” მინდა წარმოგიდგინოთ. თქვენზე გათვლილი, უმაღლესი დონის მომსახურება, ტრადიციულისა და თანამედროვეს ნაზავით შექმნილი ინტერიერი და თბილი, მშვიდი გარემო. ასეთია ეს პატარა სასტუმრო, რომელიც სულ ახლახანს აღმოცენდა ოჯახური სასტუმროს ადგილას. მისი შექმნის ისტორია და ბევრი სხვა საინტერესო დეტალი, სასტუმროს თანადამფუძნებელმა, თეო ქირიკაშვილმა ბიზნეს მედია ნიუსთან ინტერვიუში მოგვითხრო:

რას აკეთებს თქვენი კომპანია, რას ემსახურება?

⁃ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარე დაბა სტეფანწმინდა, ის ადგილია, სადაც ჩვენი პატარა სასტუმრო დავაფუძნეთ. სასტუმრო სტეფანწმინდის ერთ-ერთ უძველეს დასახლებაში მდებარეობს. დამსვენებლებს ჩვენი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეუძლიათ ნახონ ყაზბეგში არსებული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლი – საგვარეული ციხე, რომელიც საუკუნეებს ითვლის. გარდა ამისა, ჩვენი სასტუმროდან იშლება ულამაზესი ხედი, რომელიც პირდაპირ მყინვარსა და გერგეთის სამებას, ასევე ყუროსა და ქაბარჯინას მწვერვალებს უყურებს. ეს არის მყუდრო და სახლური ტიპის სასტუმრო, რომელიც იდეალური ადგილია დასვენებისთვის. ასევე, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, დააგემოვნონ ქართული ტრადიციული კერძები, მათ შორის ჩვენი განსაკუთრებული მოხევური კერძები, რომლებიც ჩვენს მენიუშია წარმოდგენილი.

როდის და როგორ შეიქმნა სასტუმრო?

⁃ ეს ამბავი ყაზბეგის მთებში დაიწყო. ცივ და თოვლიან ზამთარში, ბუხართან ჩამომჯდარმა ოჯახმა ერთხმად გადავწყვიტეთ ჩვენი პატარა „გესტ ჰაუსის“ გაფართოება და ახალი სასტუმროს მშენებლობის დაწყება.როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში აქტიურად ვითარდება ტურიზმის სექტორი. აღსანიშვანია, რომ სტატისტიკურად მეტი წილი დაინტერესება მაღალმთიან რეგიონებზე მოდის. ეს ტენდენცია იყო ერთგვარი ბიძგი ახალი სასტუმროს დასაწყისისა. ოჯახში თითქმის ყველანი ვიყავით ტურიზმით დაკავებულნი, ამიტომ ამ იდეის გარშემო მარტივად გავერთიანდით.

⁃ რას სთავაზობს თქვენი კომპანია მომხმარებელს?

⁃ ჩვენ სახლური და მყუდრო გარემოს და ქართული ტრადიციული კერძების გარდა, მომხარებელს სხვადასხვა აქტივობებს ვთავაზობთ. კერძოდ, ზამთრის სეზონზე გვაქვს ეგრეთ წოდებული “სკი ტურის” შეთავაზება, რომელსაც უძღვებიან გამოცდილი გიდები. რაც შეეხება ზაფხულის სეზონის, აქ გვაქვს რამდენიმე აქტივობა, როგორიც არის საცხენოსნო და საფეხმავლო ტურები, რომლებიც მოიცავს ხევის ღირსშესანიშნაობების მონახულებას.

სასტუმროს სახელის იდეა საიდან წამოვიდა?

⁃ რა დავარქვათ ჩვენს სასტუმროს? ერთი შეხედვით სახელის შერჩევა მარტივი ამოცანა ჩანს, მაგრამ აღმოვაჩინეთ,რომ სახელის შერჩევა სულაც არ არის ისეთი მარტივი, როგორიც მანამდე გვეგონა. ძალიან ბევრი ვიფიქრეთ ოჯახში, რა დაგვერქვა ჩვენი სასტუმროსთვის, ბევრი ვარიანტის და სოციალურ ქსელში ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ გადაწყდა, რომ ჩვენი სასტუმროს სახელწოდება იქნებოდა -”კაპრა”. რაც ნიშნავს ველურ თხას, ე.წ ჯიხვს, რომელიც ყაზბეგის მთებშია გავრცელებული.ეს არის ცხოველი რომელიც რთულ და ციცაბო კლდეებში ცხოვრობს, არ უშინდება რთულ,სახიფათო გზებს და ახალ გამოწვევებს, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო ჩვენთან.ოჯახში თითქმის ყველა მთამსვლელია და მთებში ხეტიალიც ჩვენი ერთგვარი გატაცებაა.

რა გავლენა იქონია თქვენზე პანდემიამ?

კორონავირუსის აფეთქებამ როგორც ყველა ბიზნესს, ისე ჩვენც ძალიან დიდი ზარალი მოგვაყენა, როგორც ტურიზმის სფეროში დასაქმეულებს. 2020 წლის თებერვალში, როდესაც საქართველოში დაიწყო პანდემია, ჩვენი ბიუჯეტი საკმაოდ შემცირდა, სასტუმროს მშენებლობა უკვე დასრულებული იყო, მაგრამ დარჩენილი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული ნაწილი – სასტუმროს შიდა ინტერიერის დიზაინის შექმნა, რისთვისაც ფინანსები აღარ გაგვაჩნდა, არ გვქონდა რაიმე გეგმა, რომელიც სწრაფ რეჟიმში გამოგვიყვანდა ამ კრიზისიდან, ერთადერთი გამოსავალი იყო საკუთარი ძალებით გაკეთება ყველაფრის. დავიწყეთ ყველაფრის ჩვენი ხელით შექმნა, 4 ადამიანი 1 წლის განმავლობაში ვაკეთებდით შიდა ინტერიერს, სასტუმროში თითქმის ყველაფერი ხელნაკეთია,ეს ადგილი ამიტომაც არის განსაკუთრებული, 4 ადამიანი ერთი მიზნის ირგვლივ გავერთიანდით, რომ უნდა შეგვექმნა სახლური, კომფორტული და მეგობრული გარემო, სადაც ადამიანები თავს მყუდროდ იგრძნობდნენ და ახალი, დადებითი ემოციებით და შეგრძნებებით აივსებოდნენ.

სამომავლი გეგმებზე რას გვეტყვით?

⁃ სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ზაფხულისთვის ვგეგმავთ ყაზბეგის არც თუ ისე ცნობილ, მაგრამ გამორჩეულ და უნიკალურ ადგილებში ტურებს და ჩვენი სტუმრებისთვის და საინტერესო აქტივობებს.

Web:

Fb: Capra Hotel

Insta: capra.hotel