Brand Rabbit • ბიზნეს კონსულტანტი – ქართული სტარტაპი

თანამედროვე სამყაროში სწორი მარკეტინგი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ბრენდის სწორად ჩამოყალიბებისა და პოზიციონირებისთვის. მარკეტინგული მომსახურება მოიცავს  ისეთ სტრატეგიულ ქმედებებს, რომლის მიზანიც, ბრენდის მთავარი ღირებულებების შექმნა და სწორად მიწოდებაა სამიზნე აუდიტორიისათვის. საბოლოო შედეგი კი, რა თქმა უნდა, ცნობადობისა და გაყიდვების გაზრდაა.

,,ბრენდ რებითი“ მარკეტინგული  სააგენტოა, რომელიც ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა. ქართული სტარტაპი მომხმარებელს მარკეტინგული მიმართულებით სრულ სერვისს სთავაზობს.

კომპანიის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე  კომპანიის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი – მეკო მოსიაშვილი გვესაუბრა:



B: მოგვიყევით თქვენს კომპანიაზე, საქმიანობაზე.

,,ბრენდ რებითი“ არის მარკეტინგული კომპანია. ჩვენი ძირითადი მიმართულებებია: ბრენდირება, რაც გულისხმობს როგორც ბრენდბუქის შექმნას კომპანიებისთვის, ასევე, ბრენდის მთლიანი საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებას, სოციალური მედია მარკეტინგი, ციფრული მარკეტინგი, ვებ დეველოპმენტი, ფოტო/ვიდეო გადაღებები, გარე კამპანიების დაგეგმვა/განხორციელება და სრული მარკეტინგული მომსახურება, რაც საჭიროა კომპანიის ცნობადობისა და გაყიდვების გასაზრდელად.


B: როდის შეიქმნა კომპანია?

კომპანიის გუნდის თითოეული წევრის უკან მრავალწლიანი გამოცდილებაა, თუმცა, თვითონ ,,ბრენდ რებითის“ შექმნის იდეა დაიბადა ივლისში. სულ 4 თვეა რაც ქართულ ბაზარზე ვართ. ამის მიუხედავად, უკვე არაერთ ცნობილ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ წარმატებულად, როგორც საქართველოში, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე.

B: კომპანიის სახელი და იდეა საიდან წამოვიდა?

იქედან გამომდინარე, რომ ბიზნესში ყველაფერი იწყება ბრენდის შექმნით, გვინდოდა სახელი ყოფილიყო ბრენდთან კავშირში, ამავდროულად, დასამახსოვრებელი და შინაარსიანი. სახელი “ბრენდ რებითი” ზუსტად ასახავს ჩვენს საქმიანობას: კურდღლებს შეუძლიათ 360°-ით აკონტროლონ რა ხდება მათ გარშემო, მარტივად ხვდებიან საფრთხის მოახლოებას და არიან სუპერ სწრაფები. ჩვენც მუდმივად ვაკვირდებით, ვითვისებთ ახალ ტენდენციებს და ვაკავშირებთ ყველაზე ეფექტურ არხებს ერთმანეთთან, რომ მივიღოთ საუკეთესო შედეგი. სწრაფად ვაანალიზებთ მოსალოდნელ საფრთხეებს და ვიყენებთ ახალ შესაძლებლობებს ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების გასაზრდელად.


B: ფინანსური მხარდაჭერა თუ აქვს კომპანიას?

კომპანიის ერთადერთ ფინანსურ მხარდაჭერას ჩვენი პარტნიორი კომპანიიები წარმოადგენენ, რომლებთანაც ამჟამად ვთანამშრომლობთ.


B: რამდენად რთული იყო თავის დამკვიდრება არსებულ ბაზარზე?

იქედან გამომდინარე, რომ საკმაოდ ბევრი კომპანიაა ბაზარზე ამ მიმართულებით, ვფიქრობდით, რომ რთული იქნებოდა თავის დამკვიდრება, თუმცა რაც სხვებისგან განგვასხვავებს, არის მომსახურების ხარისხი და ის, რომ კომპანიებს აღარ უწევთ სხვადასხვა სერვისის ძებნა სხვადასხვა კომპანიაში. ჩვენ მათ ერთიანად ვთავაზობთ ყველა მომსახურებას, რაც მათი ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების გასაზრდელად არის საჭირო. როგორც უკვე აღვნიშნე, 4 თვეა გამოვჩნდით ბაზარზე და როგორც კი კომპანიები დარწმუნდნენ ჩვენი მომსახურების ხარისხში, საკმაოდ სწრაფად გავითქვით სახელი, არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. ჩვენი მთავარი მიზანი არის შედეგზე ორიენტირებული გრძელვადიანი თანამშრომლობა, რაც ნამდვილად განგვასხვავებს ბევრი სხვა კომპანიისგან.


B: რას გვეტყვით სამომავლო გეგმებზე?

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ვაპირებთ საკმაოდ ცნობილ კომპანიებთან აქტიურად თანამშრომლობას როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბაზარზე, რაც, შესაბამისად, გულისხმობს გუნდის ახალი წევრების დამატებას. შესაძლოა ახალი მიმართულებებიც დავიმატოთ, რაც, ამჟამად, შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილება, თუმცა, ამ ყველაფერს თვითონ ბაზარზე მოთხოვნა გვიჩვენებს. მოკლედ, “ბრენდ რებითი” ძალიან ბევრ საინტერესო სიახლეს შემოგთავაზებთ და რაც მთავარია, ძალიან მალე.


საკონტაქტო ინფორმაცია:
https://www.behance.net/brandrabbit
http://brandrabbit.ge/