“ანოს სენსორული წიგნები” ბავშვების განვითარებისთის

ოსკარ უაილდი ამბობდა, რომ ბედნიერი ბავშვობა –  კარგ ადამიანად ჩამოყალიბების საიდუმლოა.

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ბავშვებს სათამაშოები აბედნიერებენ – თოჯინები, პულტიანი მანქანები, ასაშენებელი ლეგოები და სხვა მრავალი სათამაშო, რომელიც მილიონობით ბავშვის ოცნებად იქცა. მაგრამ რას იტყვით იმაზე, რომ დღეს განსაკუთრებული სათამაშოები და წიგნები გაგაცნოთ, რომელებიც თან ართობენ და თან თქვენი ბავშვის განვითარებაში იღებენ მონაწილეობას ?

ბავშვებთან 3 წლიანი მუშაობის შეწმდეგ, ანი ნიჟარაძემ გადაწყვიტა შეექმნა ისეთი რამ, რაც ბავშვების განვითარებაში მიიღებდა მონაწილეობას. ასე ჩამოყალიბდა „ანოს სენსორული წიგნები“. ჩვენ გავესაუბრეთ ანის და მან დაწვრილებით მოგვიყვა საიდან გაჩნდა იდეა და რას სთავაზობს პატარა ბავშვებსა და მათ მშობლებს.

რას ემსახურება „ანოს სენორული წიგნები“ ?

ანოს სენსორული წიგნები –  Ano’s sensory books – ემსახურება ბავშვის ფუნქციურ თამაშს. ჩემი აზრით, სათამაშო მიზნად უნდა ისახავდეს ბავშვის განვითარებას, ეს იქნება ნატიფი მოტორიკა, მხედველობითი მეხსიერება თუ ტაქტილური სავარჯიშოები.

 მართალია სახელში არ ფიგურირებს, თუმცა დროთა განმავლობაში გადავწყვიტე ახალი თავსატეხების შეთავაზება. მაგ: სენსორული დაფები. რაც თავის თავად გულისმობს დაფას, რომელიც აწყობილია ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით, რაც ყოველდღიურ ფუნქციონირებაში ხელს შეუწყობს. მაგ: სახელური, საკეტები, ონკანი და ა.შ.

ასევე დავამატე ტაქტილურად გამოსაყენებელი ბოქსები. რაც მოიაზრებს იმას, რომ ბოქსში განთავსებულია სხვადასხვა ფერის ბუშტები, რომელშიც მოთავსებულია სხვადასხვაგვარი ბურღულეული, რომელთა განსხვავებას ტაქტილურად ბავშვი თავისუფლად მოახერხებს.

როდის გაჩნდა იდეა და შეიქმნა „ანოს სენსორული წიგნები“?

ბავშვებთან 3 წლიანი მუშაობის შედეგად გადავწყვიტე თავად შემექმნა ისეთი რამ, რაც ბავშს თან განვითარების პროცესში ხელს შეუწყობდა და ამავე დროს ეს ბავშვებისთვის და მშობლებისთვის საინტერესო და გასართობი იქნებოდა.

დაახლოებით წიგნების წარმოება 6 თვის წინ დავიწყე.

ზუსტად რას სთავაზობთ მომხმარებელს ?

ინდივიდუალურ მომსახურებას. ჩემი პროფესია საშუალებას მაძლევს თავად დავუგეგმო ბავშვს დაფისა და წიგნის სპეციფიკა. განათლებით – განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი ვარ, რაც ხელს მიწყობს მშობლებთან კომუნიკაციის დამყარებაში, მათ პატარებზე ინფორმაციის მოძიებასა და შეკრებაში. მშობლებთან ერთად ვაწყობთ წიგნს/დაფას. თითოეული აქტივობა განხილულია მშობელთან და დანახულია ამ აქტივობის მნიშვნელობა მათთვის.

როგორ გავლენას ახდენს თქვენზე პანდემია და სამომავლოდ რას გეგმავთ ?

ხელს არ მიშლის მუშაობის პროცესსში, ერთადერთი ისაა რომ დამატებითი შემოსავლის მოძიება მიჭირს რომ ჩემი ხარჯები თავად დავფარო.

სამომავლოდ კი, მსურს სახელოსნოს გახსნა, სადაც რამდენიმე ადამიანს დავასაქმებ, თუმცა თავად კვლავ თავით ვიქნები ჩაფლული სამუშაო პროცესსში. და რაც მთვავარია მინდა ანოს წიგნები ბევრმა გაიცნოს, და ბაზარზე თუნდაც წიგნის ან სათამაშოების მაღაზიაში გამოვჩნდე როგორც ამ მიმართულების წარმომადგენელი.

რა გიყვართ თქვენს საქმიანობაში ?

ყველაფერი, თითოეული წიგნი თუ დაფა ჩემი ახალი „შვილობილია“. თითოეულ დეტალს მარტო ვაკეთებ, ყველაფერს ხელით ვჭრი და მუდამ ვფიქრობ თითოეულ აქტივობა რაში წაადგება ბავშვს. მიჭირს ემოციების აღწერა, თუ რამდენად სასიამოვნო პროცესია ეს.