,,ნიკოს ეზო’’ – ოჯახური ტრადიციებით დაწყებული სამეწარმეო კლუბი

,,ნიკოს ეზო’’ ახალგაზრდების მხარდასაჭერად შექმნილი საგანმანათლებლო/სამეწარმეო კლუბია, რომელიც 2020 წლიდან ფუნქციონირებს. ხობის რაიონის სოფელ ხეთაში წამოწყებულმა ცენტრმა დღეისთვის უკვე მრავალი ღონისიება განახორციელა, მათ შორის უფასო ტრენინგები და ლექციები. გაინტერესებთ როგორ შეცვალა ახალგაზრდების ცხოვრება ერთი მეწარმის საინტერესო წამოწყებამ? ამის შესახებ ,,ბიზნეს მედია’’ ნიკოლოზ ბაძაღუას ესაუბრა.

როგორ გაჩნდა ,,ნიკოს ეზოს’’ დაარსების იდეა და რა მთავარ პრინციპებს ეფუძნება ის?

  • „ნიკოს ეზოს“ დაარსების იდეა ჩემი ოჯახის ტრადიციებს უკავშირდება. ჩემი ოჯახის წევრები, ბაბუა ნიკოლოზ ბაძგუა და მისი მეუღლე ლული შამუგია, დედა ნატო მოისწრაფიშვილი და მამიდა თამარ ბაძაღუა იყვნენ და არიან სკოლის პედაგოგები. 60-იან წლებში ბაბუას საკუთარ სახლში ჰქონდა გაკეთებული ბიბლიოთეკა, რაც სოფელში განათლების დონის ამაღლებას ემსახურებოდა. სწორედ ამ მოტივებზე დავაარსე ხობის რაიონ სოფელ ხეთაში საგანმანათლებლო/სამეწარმო კლუბი „ნიკოს ეზო“ – „Nikos Space”. ჩვენი მთავარი სლოგანია ,,აკეთე’’, რაც კარგად გამოხატავს კლუბის იდეოლოგიას.

რას სთავაზობს ახალგაზრდებს ,,ნიკოს ეზო’’ ?

  • ,,ნიკოს ეზოს’’ მთავარი მიმართულებებია: ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი თავისუფალ მოქალაქეებად ჩამოყალიბება, უფასო ტრენინგები და ლექციები აქტუალურ თემებზე დარგის სპეციალისტების მიერ მთელი საქართველოს მასშტაბით, სოფლის ოჯახების დატრენინგება მეწარმეობის კუთხით და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა.

აქვს თუ არა ,,ნიკოს ეზოს’’ რაიმე ფინანსური მხარდაჭერა?

  • ამ ეტაპზე ყველა საჭირო რესურსი ჩემივე ხარჯებით მაქვს შეძენილი და შექმნილი. ჩვენი ხედვა ასეთია, ჯერ უნდა გავაკეთოთ საბაზისო ღირებულება და მხოლოდ მას შემდეგ დავწეროთ საგრანტო პროექტები ან მოვიძიოთ ინვესტიცია.

რამდენად კონკურენტუნარიანია ,,ნიკოს ეზო’’ არსებულ ბაზარზე?

  • ერთი შხედვით ბაზარი უკონკურენტოა, თუმცა ყველაზე დიდი სირთულე სკეპტიკური დამოკიდებულებაა. სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერჯერობით დროებითად აღიქვამს ჩვენს საგანმანათლებლო/სამეწარმო კლუბს. ერთი ნაწილი არ უშვებს ბავშვებს დაწესებულებაში და სწორედ ეს დამოკიდებულება გვზღუდავს ამ ეტაპზე, თუმცა გვჯერა, რომ ერთად დგომით და საქმით საბოლოოდ ყველაფერს გავუმკლავდებით.

როგორ გამოიყურება ,,ნიკოს ეზოს’’ სამომავლო გეგმები?

  •  ოქტომბრის შუა რიცხვებში ვგეგმავთ სოფლის ნობათის დისტრიბუციის პროექტის განხორციელებას თბილისში.  პროექტი მთლიანად სოციალური საწარმოს პრინციპზეა აგებული. კონკრეტული ფიზიკური ან იურიდიული პირი აკეთებს გარკვეული თანხის დონაციას. თუ თანხა 50 ლარზე მეტია ამ შემთხვევაში ჩვენ სოფლის ნობათს ვუგზავნით კონკრეტულ მისამართზე, მაგალითად: სულგუნი, სოფლის დედალი, ღერღილ აჯიკა, ჭაჭა და ა.შ. ამ პროდუქტს ჩვენ ადგილობრივი ოჯახებისგან ვყიდულობთ, რითაც მათ ფინანსურად ვაძლიერებთ, ხოლო დამატებითი თანხა მთლიანად „ნიკოს ეზოს“ საგანმანათლებლო პროექტს ხმარდება. უახლოეს მომავალში ასევე ველოდებით გიორგი კეკელიძეს და საზეიმოდ გავხსნით კიდევ ერთ ბიბლიოთეკას.