,,ლილიტი’’- ნაბიჯი თავდაჯერებულობისკენ

ჩვენი თავდაჯერებულობა ხშირად პატარა დეტალებით განისაზღვრება. გიფიქრიათ რამდენად დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე ის მისაბაძი გმირები, რომლებსაც ბავშობიდან ვუყურებთ და გვინდა მათნაირი გავხდეთ? სწორედ ლილიტის ისტორია, ძლიერი ქალის შესახებ, გახდა იმ აქსესუარების ბრენდის ჩამოყალიბების საფუძველი, რომელზეც ჩვენ მოგიყვებთ. ,,ლილიტი’’ ფერად გულსაბნევებს ქმნის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა გოგონების მისწრაფებები, ჰობები და ინტერესები. მთავარ მიზანს კი მათთვის თავდაჯერებულობისა და საკუთარი თავის სიყვარულის შთაგონება წარმოადგენს. უფრო ვრცლად ბრენდის შექმნისა და სამომავლო მიზნების შესახებ ნინიკო თორაძეს ვესაუბრეთ.

როგორ გაჩნდა ,,ლილიტის’’ ჩამოყალიბების იდეა?

-,,ლილიტის’’ ჩამოყალიბების იდეა ბევრად ადრე გაჩნდა, თუმცა აქტიურ ფაზაში 2019 წლიდან გადავედით, როდესაც დავიწყეთ ხელნაკეთი აქსესუარების განთავსება სოციალურ ქსელში. ბრენდის სახელზე და ლოგოზე მუშაობის პროცესში ჩემს შთაგონებას იწვევდა ის ქალი პერსონაჟები, რომლებიც ძალიან მიყვარდა და ყოველთვის მინდოდა მათი მსგავსი ვყოფილიყავი. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, ბრენდის სახელად ,,ლილიტი’’ შემერჩია. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ვფიქრობ ,,ლილიტი’’ ძალიან ლამაზი სახელია, თუმცა ყველაზე მეტად ლილიტის ისტორია მომწონს. ბევრი ლეგენდა თუ მითი არსებობს ამ პერსონაჟის შესახებ, ზოგი ნეგატიურ კონტექსტშიც კი მოიხსენიებს მას, თუმცა როდესაც პირველად წავიკითხე ლეგენდა ლილიტის შესახებ დავინახე ქალი, რომელიც თავისუფალი, თავნება და ძლიერია. ვფიქრობ, ჩვენი ლოგოც სიძლიერის გამომხატველი, თუმცა ფემინურია.

რას სთავაზობს ,,ლილიტი’’ მომხმარებელს?

-ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ ფერად გულსაბნევებს, რომელთა თემატიკაც მორგებულია გოგონების ინტერესებზე, ჰობებსა და მისწრაფებებზე. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ,,ლილიტის’’ აქსესუარების მთავარი გმირები სხვადასხვა ფერის, ზომის, ინტერესების, სექსუალობისა და პროფესიის გოგონები არიან, რაც საშალებას აძლევს თითოეულ გოგონას გამოხატოს საკუთარი თავი ზუსტად იმ ფორმითა და შინაარსით, რაც მათთან ყველაზე ახლოსაა.

გარდა ამისა, ჩვენი გულსაბნევებით გოგონებს გვინდა შევახსენოთ, რომ სწორედ ისინი არიან საკუთარი თავის გმირები და მიზნებისკენ სწრაფვა არასდროს უნდა შეწყვიტონ. თითოეულ გულსაბნევს მოყვება პატარა ფერადი კონვერტი, წერილი და ასევე ორი ცალი თემატური სტიკერი, რაც პერსონიფიცირებული საჩუქრების მოყვარული ადამიანებისთვის საკმაოდ საინტერესოდ ჟღერს.

ჩვენი სოციალური მედიის პლათფორმებზე მუდმივად ვაზიარებთ საინტერესო ისტორიებს, გამონათქვამებს, რეკომენდაციებსა თუ მიმებს სხვადასხვა ქალების შესახებ, რაც ძირითადად სტერეოტიპების დამსხვრევასა და გოგონებისთვის მეტი მოტივაციის მიცემას ემსახურება.

რა სამომავლო გეგმები აქვს ,,ლილიტს’’?

-,,ლილიტი’’ ახლად შექმნილი კომპანიაა, თუმცა ბევრი სამომავლო მიზანი თუ გეგმა გვაქვს. უახლოეს მომავალში ვაპირებთ კონკურსის დაანონსებას, რომელშიც ყველას შეეძლება მონაწილეობის მიღება, ვინც მოგვითხრობს მისთვის საინტერესო, ძლიერი და შთამაგონებელი ქალბატონის შესახებ და გაგვიზიარებს რატომაა იგი ასეთი გამორჩეული. გამარჯვებულებს მომხმარებლებთან ერთად ავარჩევთ და ისინი გულუხვად დასაჩუქრდებიან. გარდა ამისა, ვგეგმავთ ახალი კოლექციის დამატებასაც, რომლის შესახებაც ინფორმაციას მალე გავავრცელებთ.