მწვანე საბავშვო ბაღი თბილისთან ახლოს – ,,ეკო წავკისი” ბავშვების მოლოდინში

,,ვინც დედამიწის მშვენიერებას შეიცნობს, დაიმუხტება ძალით, რომელიც მთელ სიცოცხლეს გაჰყვება“ – რაშელ ქარსონი

ქალაქში, სადაც ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა, ეკო ბაღის აშენება ნამდვილად სასიხარულო ამბავია. პანდემიის პირობებში, არაერთი დაბრკოლების მიუხედავად, თამარ ხახუტაშვილმა მაინც შეძლო მისი დიდი ხნის ოცნების ასრულება, შეექმნა გარემო, რომელიც სრულ ჰარმონიაში იქნებოდა ბუნებასთან.

,,ჩემი ოცნება იყო მეცხოვრა ქალაქგარეთ, ტყესთან ახლოს, სუფთა და მშვიდ გარემოში. სწორედ ასეთი ადგილი ვიპოვე წავკისში და დავიწყე სახლის აშენება. გარემოს შეცვლამ და სიმშვიდემ ჩემში თითქოს ახალი ემოციები და იდეები გააღვიძა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე ეკო ბაღის დაარსება. ოთხი შვილი მყავს, ასე რომ, ზუსტად ვიცი, რა არის დედისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი – შვილების ჯანმრთელობა. ამისთვის კი აუცილებელია სუფთა ჰაერი, ბუნებასთან სიახლოვე, მზრუნველი ადამიანების გარემოცვა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ყველას შეგვიშალა ხელი, ჩემი მიზნის განხორციელება მაინც შევძელი. დავწერე პროექტი, გამოვიტანე სესხი, ავაშენე შენობა, გავარემონტე, გავამწვანეთ ეზო ბუნებრივი საფარით, შევიძინე საჭირო ინვენტარი. სურვილი, შემექმნა ახალი, განსხვავებული და ჯანსაღი გარემო ბავშვებისთვის, იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ საკმაოდ მოკლე დროში სისრულეში მოვიყვანე ჩემი იდეა“ – აღნიშნავს ბაღის დამფუძნებელი.

თავისუფლების მოედნიდან 10 კილომეტრში სხვა სამყაროში ინაცვლებთ. ტყესთან ახლოს, სუფთა ჰაერზე, ულამაზეს გარემოში თქვენ ნახავთ ბაღს, რომელიც წელს პირველად უმასპინძლებს ბავშვებს. როგორც ბაღის ხელმძღვანელი აღნიშნავს, მთავარი აქტივობები ეზოში, ბუნებრივ მწვანე ბალახზე იქნება დაგეგმილი. ბავშვები დათესენ მცენარეებს, დარგავენ ყვავილებს და დააკვირდებიან მათი ზრდის პროცესს. ბაღიდან 150 მეტრში არის ნაძვნარი, სადაც ბავშვები ძიძასთან ერთად გაისეირნებენ. აქ პატარები შეისწავლიან ბუნებაში მოქცევის წესებს, გამოიმუშავებენ ტყეში ორიენტაციის უნარ-ჩვევებს. კომპიუტერის ეკრანს მიჯაჭვული თაობისთვის ეს ადგილი იქნება ახალი აღმოჩენების, ახალი ემოციების მიღების შესაძლებლობა.

,,ეკო წავკისში“ დიდი ყურადღება ეთმობა კვებას. ბავშვების რაციონში იქნება მხოლოდ ჯანსაღი საკვები: ბუნებრივი საფუარით გამომცხვარი პური, ნატურალური რძის პროდუქტები, თევზი და ა.შ. გარდა ამისა, ინდივიდუალური მენიუ შედგება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. მშობლებისთვის სასიხარულო უნდა იყოს ის ფაქტი, რომ მათი სურვილის შემთხვევაში, ბაღი თავადვე უზრუნველყოფს ბავშვების უსაფრთხო ტრანსპორტირებას.

ეკოლოგიურად სუფთა ბაღში ბავშვები თანამედროვე მეთოდებით ისწავლიან ინგლისურს, მათემატიკას, ცეკვასა და სიმღერას. სწავლის პროცესი მათთვის ისეთივე სასიამოვნო იქნება, როგორც თამაში, რასაც პროფესიონალთა გუნდი უზრუნველყოფს.